Accentnews.ge
"მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვა ძალას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს"

"მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვა ძალას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს"

28/05/2019 04:31:09 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

დავით–გარეჯში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ილია მეორე მოუწოდებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად.

პატრიარქი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა მესამე ძალას სურს და ამის დასაყრდენს ორივე ქვეყანაში პოულობს. 

ილია მეორის აზრით, მოლაპარაკებების პარალელურად მკვეთრი განცხადებები და ქმედებები, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში.

მაგრამ პროვიკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!

მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება,  როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს.

მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს.


ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.

თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, ორივე მხარე ღვთის წყალობით, შევძლებთ პრობლემების დაძლევას.

ამასთან აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას",– ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს გარეჯის მიმართულებით მსვლელობა იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S