
დაცული ტერიტორიების სააგენტო: საქართველოს აზერბაიჯანისგან 16 ინდივიდი ქურციკი გადმოეცა
12/01/2024 10:42:08 საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, საქართველოს აზერბაიჯანის მთავრობისგან 16 ინდივიდი ქურციკი გადმოეცა. ქურციკები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს.
სააგენტო აცხადებს, რომ ქურციკის აღდგენის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.
"ქურციკი, იგივე ჯეირანი, საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა. აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული კონსერვაციული პროექტია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულაციის აღდგენას.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით. საქართველოში ქურციკის აღდგენის პროგრამის განხორციელება გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროგრამის მიმდინარე ფაზის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს WWF-გერმანია და WWF-ავსტრია, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ამჟამად სამუხის ველზე 300 ინდივიდზე მეტი ქურციკი ცხოვრობს.