ამერიკა სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი ლიდერის დღეს აღნიშნავს: "მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს"
15/01/2024 08:54:50 მსოფლიო
61 წლის წინ მარტინ ლუთერ კინგი წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება შეცვალა. 1963 წლის 28 აგვისტოს მან თავის ისტორიული სიტყვა წარმოთქვა „მე მაქვს ოცნება“ და ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს მიმართა. ეს ღონისძიება ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
ქვეყნის სხვადასხვა შტატიდან ვაშინგტონში ჩასული ორას ორმოცდაათიათასზე მეტი ადამიანი დემონსტრაციაზე თანასწორი უფლებების დასაცავად და სამუშაო ადგილების მოთხოვნით გავიდა. ეს აქცია ქვეყანაში არსებული რასისტული ჩაგვრის ფონზე გაიმართა. ისინი, ვინც ამ აქციას ესწრებოდნენ, ამბობენ რომ აქციაზე სადღესასწაულო განწყობა სუფევდა.
ამ შეკრებაზე მარტინ ლუთერ კინგმა თავის ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ამერიკის მჭერმეტყველების ისტორიაში საუკეთესო გამოსვლად შეფასდა.
"მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს", – განაცხადა მარტინ ლუთერ კინგმა.
მარტინ ლუთერ კინგმა თავის გამოსვლაში აფრო-ამერიკელების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დასრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ეს ლაქა ამერიკამ უნდა მოიშოროს, და ქვეყანას ეს ძალიან სჭირდება ახლა", – განაცხადა მან.
ყველაზე ამაღელვებელი კინგის გამოსვლაში ის ნაწილი იყო, როდესაც იგი ამერიკელ ხალხს საკუთარი მისწრაფებების შესახებ ესაუბრებოდა:
"ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის გამო, არამედ მათი ბუნების გამო განსჯიან. ეს არის ჩემი ოცნება დღეს. ჩემი ოცნება ამერიკულ ოცნებასთან ძლიერ არის დაკავშირებული. ჩემი ოცნებაა, რომ ხალხის ნებამ თავის საწადელს მიაღწიოს და ამ დევიზის მნიშვნელობა გამართლდეს".
ვაშინგტონის მარშის დროს მარტინ ლუთერ კინგმა ამერიკელებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა:
"თავისუფლება, თავისუფლებისთვის საბოლოო ბრძოლაა. უფალი დიადია, ადამიანები საბოლოოდ უნდა გათავისუფლდნენ. ეს დემონსტრაცია შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა ადამიანის და სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ გამართულ დემონსტრაციებს შორის".
ისტორიკოსები ამ დემონსტრაციას ახასიათებენ, როგორც ყველაზე მშვიდობიან და წარმატებულ მსვლელობას, რომელმაც ამერიკის ისტორია შეცვალა.


