
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ჰუსიტებმა აშშ-ის მფლობელობაში არსებულ გემს ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, ხომალდი დანიშნულების ადგილისკენ სვლას განაგრძობს
15/01/2024 15:47:26 მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ დღეს წითელ ზღვაში ჰუსიტებმა აშშ-ის მფლობელობაში არსებულ გემს ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.
მისი ცნობით, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია და ის დანიშნულების ადგილისკენ სვლას განაგრძობს.
12 იანვარს შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, ჰუსიტების სამიზნეებს დაარტყეს, რაც იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.
ცნობისთვის: იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ. პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25 შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია. თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.