რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "მზად ვართ ირანთან დიდ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი"
15/01/2024 17:51:03 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს „დიდ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას“ ირანთან. ამის შესახებ თავდაცვის უწყებამ ინფორმაცია ორი ქვეყნის მინისტრების – სერგეი შოიგუსა და მოჰამად აშტიანის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.
"მინისტრებმა განიხილეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მხარეებმა აღნიშნეს რუსეთ-ირანის ურთიერთობების ფუძემდებელი პრინციპებისადმი ერთგულება, მათ შორის - ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო პატივისცემა", ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასავლეთის ქვეყნები ირანს ბრალად სდებენ, რომ ის რუსეთის არმიას აწვდის იარაღს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის გამოყენება. რუსეთი და ირანი ყველა ბრალდებას უარყოფენ.
ამასთან, რუსეთი ირანის ეკონომიკაში უმსხვილეს ინვესტორად ითვლება. ირანის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, შარშან უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. აქედან ორი მესამედი რუსეთზე მოდიოდა.
გასული წლის ბოლოს რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოსკოვში ხელი მოაწერეს დეკლარაციას "სანქციების ნეგატიური შედეგების წინ აღდგომისა და კომპენსირების შესახებ".
ირანს უკვე 40 წელზე მეტია, საერთაშორისო სანქციები აქვს დაწესებული.
შარშან თებერვლამდე – უკრაინაში რუსეთის სრულმასშატბიან შეჭრამდე თეირანი მსოფლიო ლიდერი იყო იმ ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობით, რომლებსაც შეზღუდვები შეეხო. Castellum.AI-ის ანალიტიკოსების დაანგარიშებით, 2022 წლის 22 თებერვლის მონაცემებით, ირანის წინააღმდეგ შემოღებული იყო 3600-ზე მეტი სანქცია, რუსეთის წინააღმდეგ - თითქმის 2700. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ამ მსოფლიო ლიდერი გახდა რუსეთი. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდში რუსეთს 15200 სანქცია დაუწესეს, ირანს - ათასზე ოდნავ მეტი.


