ერაყსა და სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო
16/01/2024 06:30:37 მსოფლიო
აფეთქებები მოხდა ერაყის ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც აშშ-ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა,– იუწყება "როიტერი".
ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლების მონაცემებით, მოკლულია 4 და დაჭრილია 6 ადგილობრივი მცხოვრები. Reuters-ის წყაროთა ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქურთი ბიზნესმენი, მილიონერი ფეშრავ დიზაი და მისი ოჯახის წევრები. რაკეტები მოხვდა სპეცსამსახურების ცენტრს და დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლსაც. ABC News-ის ინფორმაციით, მუშაობა შეაჩერა ერბილის აეროპორტმა, სადაც დასავლეთის კოალიციური ძალების სამხედროებმა სამი დრონი ჩამოაგდეს.
დარტყმებზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო. კერძოდ, ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა" ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის" ცენტრი იყო.
ერაყის ქურთისტანის ავტონომიის უშიშროების საბჭომ ირანი დაადანაშაულა უსაფუძვლო საბაბით თავდასხმაში ისტორიულად სტაბილურ რეგიონზე, რომელსაც არასდროს არავისთვის საფრთხე არ შეუქმნია. ისრაელი ირანის სარაკეტო შეეტვას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ირანმა უგუნური აქტი ჩაიდინა.
რაც შეეხება სირიას, ირანი აცხადებს, რომ იდლიბის პროვინციაში იერიში მიიტანა ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. სწორედ ამ ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა იანვრის დასაწყისში, ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომელთა შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ირანის სარაკეტო შეტევა ერაყის და სირიის ტერიტორიებზე კიდევ უფრო ზრდის შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის თაობაზე. როგორც სააგენტო dpa წერს, ირანს ასეთ შორ მანძილზე მდებარე რაიონებისთვის რაკეტებით დღემდე არასდროს დაურტყამს და ეს სიგნალია ისრაელისთვის, რომ აქვს მის ტერიტორიაზე შეტევის ტექნიკური შესაძლებლობა.


