კულება: იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ!
16/01/2024 06:43:04 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ აშშ–ის კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების დასამტკიცებლად დრო ეწურება.
კულებამ ABC News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა პოტენციურად აიცილებს თავიდან ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას, რომელშიც უკვე ამერიკელ ჯარებს მოუწევთ ჩართვა. მანამდე ამის შესახებ რამდენჯერმე ხაზგასმით განაცხადეს აშშ–ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა კონგრესისთვის დახმარების დამტკიცების მოწოდებისას.
„რაც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ფასი, თუ უკრაინა წააგებს, გაცილებით მაღალი იქნება“, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში გამარჯვება სხვა მოწინააღმდეგეებს სახიფათო სიგნალს გაუგზავნის.
„თუ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის შეჩერება უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია, შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში?“ - განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობაზე არასდროს წავა:
„იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის სასწორზე ამ ერის არსებობა დევს!“.


