ესტონეთის პრემიერი: ევროპას რუსეთის აგრესიისთვის მოსამზადებლად 3-5 წელი აქვს
16/01/2024 09:43:23 მსოფლიო
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის შეფასებით, ევროპას სამი-ხუთი წელი აქვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოსამზადებლად.
კალასმა The Times-თან ინტერვიუში ესტონეთის დაზვერვის შეფასება გაიხსენა, რომ რუსეთს, უკრაინაში ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში, სამი-ხუთი წელი დასჭირდება ალიანსის აღმოსავლეთი წევრების საზღვარზე სამხედრო საფრთხის აღსადგენად.
"ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ ერთიანობას და პოზიციას უკრაინის მიმართ. იმიტომ, რომ რუსეთს სჭირდება პაუზა და ეს პაუზა არის იმისთვის, რომ შეკრიბოს თავისი რესურსები და ძალა. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს," - თქვა კალასმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ უნდა გააძლიეროს დასავლეთმა უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს და რუსეთმა მრავალი წლით დაკარგოს შესაძლებლობა, დაემუქროს მეზობლებს.
ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი აზრით, ალიანსმა უნდა მიიღოს ცივი ომის მსგავსი სტრატეგია რუსეთის "შეკავების" თაობაზე, რომელიც მოიცავს თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების მშპ-ს მინიმუმ 2.5 %–მდე გაზრდას:
"რუსეთს არასოდეს წაუგია თავისი ბოლო კოლონიური ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ, გავიგო, როგორ შეიძლება, დავარღვიოთ ეს ისტორიული წრე. და ამის მთავარი ელემენტია პასუხისმგებლობა – ისინი [რუსები] არასოდეს აგებენ პასუხს ჩადენილი დანაშაულებისთვის".


