თურქეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა ერაყსა და სირიაში მდებარე ობიექტებზე
16/01/2024 12:24:41 მსოფლიო
ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ქურთ მებრძოლებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად გაანადგურა 23 სამიზნე.
დარტყმები განხორციელდა მეტინას, გარას, ჰაკურკისა და ყანდილის რეგიონებში ჩრდილოეთ ერაყში.
"განადგურდა ოცდასამი სამიზნე, მათ შორის გამოქვაბულები, თავშესაფრები, გვირაბები, საბრძოლო მასალის საწყობები, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მასალები და ობიექტები", - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.განცხადებაში ნათქვამია, რომ ბევრი ბოევიკი "განეიტრალდა".
პარასკევს, ჩრდილოეთ ერყაში, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლებთან შეტაკებისას 9 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.
მანამდე სირიასა და ერაყში ირანმა განახორციელა დარტყმები. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა" ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის" ცენტრი იყო.
აფეთქებები მოხდა ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც აშშ-ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა. ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლების მონაცემებით, მოკლულია 4 და დაჭრილია 6 ადგილობრივი მცხოვრები. ავტონომიის უშიშროების საბჭომ ირანი დაადანაშაულა უსაფუძვლო საბაბით თავდასხმაში ისტორიულად სტაბილურ რეგიონზე, რომელსაც არასდროს არავისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
ერაყის ქალაქ ერბილის რაიონზე ირანის სარაკეტო თავდასხმის გამო, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანიდან კონსულტაციისთვის გაიწვია თავისი ელჩი ნასერ აბდულ მოჰსენი.
ამასთან, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს ირანის დროებითი რწმუნებული ბაღდადში აბუ ალ-ფადლ აზიზი, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს. ერაყი მკაცრად გმობს თავდასხმას, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.


