ხარკოვის 26 სოფელში ევაკუაცია გამოცხადდა
16/01/2024 13:23:41 მსოფლიო
ხარკოვის ოლქის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ 26 სოფლის ევაკუაცია გამოაცხადა. კუპიანსკის რაიონის კონტრაშევსკაიასა და კურილოვსკაიას თემებიდან ადგილობრივი მოსახლეობის გაყვანა რუსული არმიის სახიფათო შეტევების გამო გახდა საჭირო. აღნიშნულ თემებში 3043 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 279 ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველა ევაკუირებული დაკმაყოფილდება საცხოვრებლით.
დღეს რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ორი სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ხერსონის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"სოფელ ტიაგინკაში 42 წლის ქალს და 38 წლის კაცს მტერი ქუჩაში სეირნობისას დაესხა თავს. მათ ჭრილობები აღენიშნებათ და სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი. გარდა ამისა, დაახლოებით 11:30 საათზე, რუსეთის არმიამ ბილოზერკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. დაშავებულია 44 წლის კაცი. მტრის თავდასხმის დროს ის სახლის ეზოში იმყოფებოდა," - წერს პროკუდინი Telegram-ზე.


