ISW: პუტინმა გაააქტიურა ძალისხმევა, შექმნას წინაპირობები ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციისთვის, რაც NATO–ს დასუსტების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია
17/01/2024 06:53:38 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავაც არ არის დაინტერესებული უკრაინასთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებით და უცვლელია უკრაინაში მისი მაქსიმალისტური მიზანი - უკრაინის და დასავლეთის სრული კაპიტულაცია. ამ ფონზე რუსეთი აძლიერებს ბალტიის ქვეყნების საწინააღმდეგო რიტორიკას,– ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს.
ცენტრის ანალიტიკოსებმა შეაფასეს პუტინის მიერ 16 იანვარს რუსეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები. პუტინმა თქვა, რომ უკრაინის „მშვიდობის ფორმულა“ არის მცდელობა, რუსეთს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაპყრობილი ტერიტორიების დათმობისკენ უბიძგონ, რაც მისი თქმით, შეუძლებელია.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა ასევე მიაქციეს ყურადღება პუტინის განცხადებას, რომ ის, რაც ბალტიის ქვეყნებში ხდება, როცა რუსებს იქიდან „ყრიან“, პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის უსაფრთხოებაზე.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთი უკვე წლებია, აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვის უფლება აქვს. რაც შეეხება ევროკავშირის და ნატოს წევრ ბალტიის ქვეყნებს, ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ ამ ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმა შესაძლებელი, ან გარდაუვალია, თუმცა, პუტინი სავარაუდოდ, ცდილობს საინფორმაციო ველის შექმნას აგრესიული ქმედებებისთვის. ISW-ის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა შესამჩნევად გაააქტიურა კრემლის ძალისხმევა, შექმნას წინაპირობები ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ მომავალი ესკალაციისთვის, რაც ნატოს დასუსტების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია.


