უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გაშვებული 20 დრონიდან 19 ჩამოვაგდეთ
17/01/2024 07:10:22 მსოფლიო
17 იანვარს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინელებმა 19 მათგანის ჩამოგდება მოახერხეს.
„საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა Shahed-ის ტიპის 19 დრონი. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული“, - იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან გაუშვეს.
გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაისროლეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, დნიპროსა და კიროვოგრადის ოლქებში მოქმედებდა.


