"საქმე ყოველთვის "დიდი რუსეთის" აღდგენის ხედვას ეხებოდა და არა უსაფრთხოებას"
17/01/2024 10:34:25 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტაზე მოლაპარაკების შესაძლებლობას ამჟამად ვერ ხედავს. მას შეკითხვა ამგვარი შესაძლებლობის თაობაზე დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთ პანელზე დაუსვეს.
„ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ამ საკითხთან მიმართებით. ყველაზე მეტად ეს უკრაინელ ხალხს სურს, თუმცა, უნდა იყოს სურვილი რუსეთის მხრიდან, ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად, ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით, თუმცა მისი აგრესია ძირს უთხრის ფუნდამენტურ პრინციპებს, ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას",– თქვა ბლინკენმა.
მისი თქმით, თუ რუსეთი მზად არის, მოლაპარაკებები აწარმოოს საერტაშორისო პრინციპების დაცვის საფუძველზე, ის აღმოაჩენს უკრაინელებს, რომლებაც სურთ ამის გაკეთება და აუცილებლად იპოვის აშშ-ის, ასევე მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას.
"არავის სურდა ეს ომი. ჩვენ მისი თავიდან აცილება ვცადეთ. დავინახეთ, რომ ეს იგეგმებოდა, გავაფრთხილეთ მსოფლიო, რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ვიყავით ჩართული რუსეთთან. ვცდილობდით, გვენახა, თუკი ნამდვილად არსებობდა უსაფრთხოების რამე საკითხი, რაც მათ უბიძგებდათ იმისკენ, რისი გაკეთებისთვისაც მზად იყვნენ. მაგრამ საქმე ამას არ ეხებოდა, ის ყოველთვის ეხებოდა "დიდი რუსეთის" აღდგენის ხედვას. თუ ჩემი არ გჯერათ, წაიკითხეთ, რასაც ამბობს პრეზიდენტი პუტინი“, – ხაზგასმით აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.


