მედია: თურქული ბანკები რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, პრობლემებია ჩინურ საფინანსო სექტორთან
17/01/2024 14:05:11 მსოფლიო
თურქული ბანკები რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, - ამის შესახებ რუსული "კომერსანტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, თურქულ ბანკები რუსულ ბანკებთან პარტნიორობაზე უარს სანქციების შიშით ამბობენ.
"კომერსანტის" წყაროები ყვებიან, რომ ორი ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პრობლემები 2023 წლის ზაფხულში დაიწყო, თუმცა განსაკუთრებით გაუარესდა 22 დეკემბერს, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ბანკების კიდევ ერთხელ დასანქცირების შესახებ გამოსცა ბრძანება.
წყაროები ასევე ამბობენ, რომ ამგვარი პრობლემები, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, უკვე დაწყებულია ჩინურ ბანკებთანაც.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად მხოლოდ ერთი თურქული ბანკი თანამშრომლობს რუსულ საფინანსო სექტორთან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქციების რაოდენობა 50-ს აღემატება, მოთხოვნას დასრულებამდე რამდენიმე დღე სჭირდება.


