სერბეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერი დაპატიმრების შემდეგ აწამეს
18/01/2024 07:57:59 მსოფლიო
სერბეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ნიკოლა სანდულოვიჩი ქალაქ ნისის ციხიდან გაათავისუფლეს. ოპოზიციონერი 2 იანვრიდან იმყოფებოდა გისოსებს მიღმა. პატიმრობის დღეებში პოლიტიკოსი არაერთხელ დაექვემდებარა ცემას, წამებას, დამცირებას და ოჯახის წევრებითურთ სიკვდილით დასჯის მუქარას,– თქვა სანდულოვიჩმა გათავისუფლებისთანავე.
როგორც ირკვევა, მას თავისუფლების აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეეცვალა.
სანდულოვიჩს ბრალი დასდეს ეროვნული, რასობრივი და რელიგიური სიძულვილის წაქეზების ამკრძალავი კანონების დარღვევაში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდული ინიციატივა ადამიანის უფლებებისთვის" 17 იანვარს გამოაცხადა, რომ ითხოვს სერბეთის ომბუდსმენისგან, გამოიძიოს სანდულოვიჩის წამების საჩივრები. როგორც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფი ნაწილობრივ პარალიზებულია და ნერვული შოკი აწუხებს. „ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული ინიციატივა“ ხელისუფლებას სანდულოვიჩის ბინის ჩხრეკის მიზეზებისა და გარემოებების გამოძიებასაც მოსთხოვდა.
არასაპარლამენტო რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა მანამდე გამოაქვეყნა 2023 წლის თებერვალში გადაღებული ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ გვირგვინით ამკობს სერბული პოლიციის მიერ მოკლული კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ადემ იაშარის ოჯახის წევრების საფლავს. მაშინ იუგოსლავიის არმიისა და სერბეთის პოლიციის ოპერაციის შედეგად დაიღუპა 56 ადამიანი, მათ შორის 18 ქალი და ხუთიდან 16 წლამდე ასაკის 10 ბავშვი, ასევე 9 ასაკოვანი. დაღუპულთაგან 46 გვარად იაშარი იყო.


