
პროკურატურისგან წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ
18/01/2024 08:08:27 სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამოძიებას ითხოვს.
პარტიის წევრებმა დღეს საგამოძიებო უწყებას წერილობით მიმართეს.
"კახი კალაძის კორუფციული სქემები არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა, მან ათეულობით მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა „ქართული ოცნების“ გარდაბნის საკრებულოს წევრს და ვხედავთ, რომ ეს თანხა არის მითვისებული, გაფლანგული და მოპარული. დღეს, როდესაც კალაძეს არ ეყო აღნიშნული თანხების მოპარვა, უკვე ააგო ახალი კორუფციული სქემა და „ქართული ოცნების“ შემომწირველებს და ბერა ივანიშვილის მეგობარს გაუფორმა 17 მილიონიანი ხელშეკრულება, ეს არის კორუფცია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, პროკურატურამ ეს ადამიანები უნდა დაიბაროს და დაიწყოს გამოძიება.“ - განაცხადა ენმ-ის იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ.
შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ, თბილისის მერიამ კონტრაქტი ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით შეუწყვიტა. უკვე ცნობილია, რომ სამუშაოებს 4 სხვა კომპანია გააგრძელებს.