
ყაზახეთი გეგმავს, ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით და საქართველოს გავლით 10 მილიონ ტონამდე გაზარდოს
18/01/2024 11:28:58 ეკონომიკა
ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა, მათ შორის, საქართველოს გავლით ყაზახური საექსპორტო ტვირთის მოცულობ ის ზრდის გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ე.წ. შუა დერეფნით ექსპორტი 2,8 მილიონ ტონამდე გაიზარდა და გეგმაშია 10 მილიონ ტონამდე გაზრდა 2025 წლისთვის.
როგორც მან აღნიშნა, დივერსიფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტზე და ამისთვის ყაზახეთი მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს.
მან განმარტა, რომ ეს დერეფანი არის ალტერნატივა ყაზახეთის ტრადიციული მარშრუტებისა, რომლებსაც ასევე "დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამავდროულად ვავითარებთ სხვა გზებს ჩვენი პროდუქტის ექსპორტისთვის":
„ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი მეგობრების დახმარებით, ორ საგზაო რუკას მოვაწერეთ ხელი შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორც ბატონმა ღარიბაშვილმა აღნიშნა. 2023 წელს ექსპორტი კასპიის ზღვიდან შუა დერეფნის გავლით ჩვენი ორი პორტიდან გაიზარდა 86 პროცენტამდე, 2,8 მილიონი ტონით. მთლიანობაში, ოთხივე ქვეყანა ველოდებით, რომ 2025 წლისთვის ამას 10 მილიონ ტონამდე გავზრდით, წელს საერთო, 2,8 მილიონი ტონიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობზე მოდიოდა და ეს პირველად მოხდა“, – განაცხადა მინისტრმა.