საფრანგეთი უკრაინას იანვრიდან ათეულობით ავიაბომბის და მეტი ჭურვის მიწოდებას ჰპირდება
18/01/2024 12:42:57 მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვიურად დაიწყებს კიევისთვის ათობით ავიაბომბის მიწოდებას, რომლებიც ადაპტირებულია საბჭოთა მოდელის თვითმფრინავებზე და ასევე მიაწოდებს მეტ საარტილერიო ჭურვს. ამის შესახებ მან France Inter–თან ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საფრანგეთი გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს მაღალი სიზუსტის ავიაბომბები"ჰაერი–მიწა" AASM.
„მოვახერხეთ მათი ადაპტირება საბჭოთა მოდელის თვითმფრინავებზე... 2024 წლის იანვრიდან თვეში 50 მათგანს მივაწოდებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ საფრანგეთი ასევე გაზრდის ჭურვების ყოველთვიურ მოცულობას, რომლებიც უკრაინას გადაეცემა.
მისი თქმით, ომის პირველი თვეებიდან 2023 წლის დასაწყისამდე საფრანგეთი თვეში ათას ჭურვს აწვდიდა. „გასული თებერვლიდან ეს უკვე თვეში 2000-ია და ამ თვიდან თვეში 3000 ჭურვი იქნება“, - აღნიშნა ლეკორნუმ.
ამასთან, მინისტრმა თქვა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო, მაკრონის მიერ გამოცხადებული 40 შორი მანძილის SCALP რაკეტის მიწოდების თარიღს არ დაასახელებს.
მინისტრმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ საფრანგეთი ჯამში 78 თვითმავალი ჰაუბიცა „ცეზარის“ მიწოდებას გეგმავს, მათგან ექვსი უკვე მზადაა და უკრაინაში უახლოეს კვირებში გაიგზავნება.


