გაერო-ს გენმდივანი „ჰამასის“ ყოფილ მძევლებს შეხვდა
18/01/2024 13:08:21 მსოფლიო
„ჰამასის“ ყოფილი მძევლები დავოსში გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდნენ. მანამდე მათ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.
ისრაელის მედიის ცნობით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ღაზას სექტორიდან გათავისუფლებულ მძევლებს განუცხადა, რომ იგი ყველა დარჩენილი მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამოძიებას მოითხოვს.
17 იანვარს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე მხარეები საერთაშორისო სამართალს არღვევენ:
„მეომარი მხარეები საერთაშორისო სამართლის იგნორირებას ახდენენ, არღვევენ ჟენევის კონვენციებს და გაერო-ს წესდებასაც კი“.
მისი თქმით, მსოფლიო თვალს ადევნებს, როგორ იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ძირითადად ქალები და ბავშვები.
მან გაიმეორა თავისი მოწოდება ღაზაში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის და "იმ პროცესის შესახებ, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტით, ისრაელის მოსახლეობასა და პალესტინელებს შორის მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანს“.


