მაკრონი: ევროპა უფრო დომინანტ მოთამაშედ უნდა იქცეს
18/01/2024 14:44:41 მსოფლიო
ევროპა გლობალურად უფრო დომინანტ მოთამაშედ უნდა იქცეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსის “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე” განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ საკუთარი მარშრუტი უნდა აირჩიოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.
“2024 წელი ევროპელებისთვის გადამწყვეტი იქნება. უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია უფრო აქტიურები ვიყოთ და უფრო დიდი ძალისხმევა გამოვიჩინოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში”, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ წელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს შორის რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა და კლიმატის ცვლილება იქნება.
მიის თქმით, ევროპამ თვითმყოფადი განვითარებაც განაგრძოს, მათ შორის სუფთა ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების მიმართულებით:
“არსებობს რისკი, რომ ევროპელები არასწორი დღის წესრიგის წინაშე აღმოჩნდნენ. მე მუდამ სუვერენული ევროპის იდეას ვუჭერ მხარს, რაც არ ნიშნავს, რომ არსებული კავშირები უნდა გაწყვიტო, არსებული თანამშრომლობები დაანგრიო და ალიანსები დაშალო, მაგრამ ნიშნავს, რომ მიწოდების ჯაჭვის კუთხით კონკრეტულ გეოგრაფიებზე ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა იყო”.


