მედია: ბორელი შესაძლოა, კალასმა შეცვალოს
18/01/2024 15:53:35 მსოფლიო
ესტონეთის ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი კაია კალასი ხშირად მოიხსენიება ევროკავშირის შიდა დისკუსიებში, როგორც არჩევნების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის შესაძლო კანდიდატად, თანამდებობა ამჟამად ჯოზეფ ბორელს უკავია. წერს Politico.
სტატიაში ნათქვამია, რომ ერთი სცენარის მიხედვით, ევროკავშირის ძირითად ორგანოებში ყველა ხელმძღვანელი თანამდებობა შეიძლება დაეთმოთ ქალებს, მათ შორის კაია კალასს.
ივნისის ევროპული არჩევნების შემდეგ, ევროკომისიის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროპის საგარეო ქმედებთა სამსახურის პრეზიდენტების პოზიციები მთავარ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გადანაწილდება.
ჟურნალისტების თქმით, კულუარებში ძალიან ხშირად ჟღერს ოთხი კანდიდატის სახელი: ურსულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, ევროკომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას შეინარჩუნებს, რობერტა მეცოლა კი ევროპარლამენტის პრეზიდენტად დარჩება. დანიის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიკსენს უწოდებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, ხოლო ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს მოიხსენიებენ პოტენციურ კანდიდატად ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე.
გამოცემა წერს, რომ კალასს სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ბორელის შესაძლო მემკვიდრეს, ნაწილობრივ გეოგრაფიული ფაქტორის გამო: ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქები დარწმუნებულნი არიან, რომ ერთ-ერთი მთავარი თანამდებობა მაინც უნდა დაეთმოს ამ რეგიონის წარმომადგენელს. პოზიციების ასეთი განაწილებით აღმოჩნდება, რომ ევროპა გეოგრაფიულად არის წარმოდგენილი სიმბოლურად პროპორციულად: ფონ დერ ლეიენი დასავლეთიდან, ფრედერიკსენი ჩრდილოეთიდან, კალასი აღმოსავლეთიდან და მეცოლა სამხრეთიდან.
თუმცა, ფრედერიკსენისა და კალასის კანდიდატურებს შეიძლება შეხვდეს წინააღმდეგობა მათგან, ვინც დანიის პრემიერ–მინისტრს "არასწორ" სოციალისტად თვლის მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით მისი მკაცრი პოზიციის გამო, ხოლო კალასს "ზედმეტად ქორისებებრი" რიტორიკა რუსეთის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ იენს სტოლტენბერგის გადადგომის შემდეგ ნატოს მომავალი გენერალური მდივნის შესაძლო კანდიდატად კაია კალასიც მოიხსენიებოდა.მან მიანიშნა, რომ ამ თანამდებობით დაინტერესდა, მაგრამ ახლა უფრო სავარაუდო კანდიდატად ითვლება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას.


