20-ზე მეტმა ქვეყანამ საარტილერიო კოალიცია შექმნა უკრაინისთვის
18/01/2024 16:35:51 მსოფლიო
20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და საფრანგეთმა ხუთშაბათს, 18 იანვარს შექმნეს საარტილერიო კოალიცია პარიზში, რათა დაეხმარონ უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში.
„თანამედროვე არტილერიას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა საბრძოლო მასალის წარმოების გასაზრდელად“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს ვიდეო ხიდით შეუერთდა.
საარტილერიო კოალიცია, რომელსაც ხელმძღვანელობენ შეერთებული შტატები და საფრანგეთი, შედის საკონტაქტო ჯგუფის "რამშტაინის შემადგენლობაში.
საფრანგეთმა გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინისთვის კიდევ 12 "კეისრის" თვითმავალი ჰაუბიცის დასაფინანსებლად. პარიზის მთავრობა ამისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს, განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ. ამჟამად უკრაინაში 49 ასეთი ჰაუბიცაა გამოყენებული და კიდევ ექვსი შეკვეთილია. საფრანგეთს შეუძლია, კიდევ 60 ჰაუბიცის წარმოება 250 მილიონ დოლარად - "თანხა, რომელიც საკმაოდ თავსებადია მოკავშირეების სხვადასხვა ბიუჯეტთან", - თქვა ლეკორნუმ.
16 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აპირებს, დადოს ორმხრივი შეთანხმება უკრაინასთან ახალი იარაღის მიწოდების შესახებ. თებერვალში ის გეგმავს ამ დოკუმენტის წარდგენას კიევში. მაკრონი ასევე დაჰპირდა უკრაინას კიდევ 40 SCALP რაკეტას და ასობით ჭურვს.
საფრანგეთი ბოლო დროს კრიტიკის ქვეშ იყო კიევისთვის იარაღის მიწოდების შემცირების გამო. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, საფრანგეთმა უკრაინას 1,7 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი მიაწოდა და ამ მოცულობით მე-12 ადგილზეა კიევის შეიარაღის სპონსორთა შორის. გერმანიამ თითქმის 21 მილიარდი ევროს მიწოდება განახორციელა და მეორე ადგილზეა შეერთებული შტატების შემდეგ.


