ნეთანიაჰუ: ისრაელის მთავრობა კომპრომისზე არ წავა!
18/01/2024 19:19:43 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობა კომპრომისზე არ წავა, არ მიიღებს "ჰამასზე" სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს, როგორც ეს სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე გამოცხადდა ერთ–ერთ მიზნად მძევლების დახსნასთან ერთად.
თუმცა, მან თქვა ისიც, რომ გამარჯვებას კიდევ თვეები დასჭირდება:
“სრული გამარჯვება გვაქვს მიზნად და არა უბრალოდ დარტყმა, დაზიანება, მორიგი რაუნდი. სრული ძალით გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ - ყველა მძევლის დაბრუნებას".
მან გაიმეორა, რომ მხოლოდ სამხედრო ზეწოლას შეუძლია "მიგვიყვანოს მათ გათავისუფლებამდე, „ჰამასის“ განადგურებამდე, იმაში დარწმუნებამდე, რომ ღაზა ისრაელისთვის აღარასდროს შექმნის საფრთხეს".
ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზნების მიღწევამდე ომის გაჩერება “ისრაელის უსაფრთხოებას თაობების განმავლობაში ავნებს" და ისრაელის "მტრებისთვის სისუსტის სიგნალი იქნება".


