Accentnews.ge
ნიკერსი: ახლო აღმოსავლეთში ფართო რეგიონული კონფლიქტის ალბათობა კვლავ მაღალია

ნიკერსი: ახლო აღმოსავლეთში ფართო რეგიონული კონფლიქტის ალბათობა კვლავ მაღალია

19/01/2024 10:13:15 მსოფლიო

ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ოლევს ნიკერსი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ფართო რეგიონული კონფლიქტის ალბათობა კვლავ მაღალია. ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"ვფიქრობ, ისრაელის პოზიცია ურყევი იქნება და მის მოქმედებებში არაფერს შეცვლის მანამ, ვიდრე უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხის დონე მნიშვნელოვნად არ შემცირდება", – აღნიშნა ნიკერსმა.

კითხვაზე, "რა გავლენას ახდენს ერთმანეთზე ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე ორი დიდი ომი [უკრაინაში და ღაზაში მიმდინარე ომები]", ნიკერსი აცხადებს, რომ ახლა მეტი ყურადღება ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომზეა მიმართული.

"სამწუხაროდ, ღაზაში მიმდინარე ომი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს ვიდრე სხვა რეგიონული კონფლიქტები. საზოგადოებები და პოლიტიკოსები ვერ აქცევენ საჭირო ყურადღებას რამდენიმე კრიზისს ერთდროულად, რაც ორივე კონფლიქტის სწრაფ მოგვარებას, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს", – განაცხადა ნიკერსმა.

ცნობისთვის: ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება. 3 იანვარს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური ემსხვერპლა. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა "დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში".

გარდა ამისა, 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და მას შურისძიებით დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გამწვავების ფონზე 5 იანვარს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რიგით მეოთხე რეგიონული ტურნე თურქეთში ვიზიტით დაიწყო. იგი ტურნეს ფარგლებში ეწვია საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტეს და ბაჰრეინს. აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს რიგ არაბულ ქვეყნებში ვიზიტის დროს მოუწოდეს, "ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა დათანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ღაზაში". ბლინკენის თქმით, აშშ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომი ღაზას ფარგლებს არ გასცდეს.

პარალელურად, 7 ოქტომბრის შემდეგ წითელ ზღვაში ჰუსიტებისგან გემებზე თავდასხმები გრძელდება. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, ვიდრე ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით, 24 000 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S