ნიკერსი უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროპაში დიდ კონფლიქტს არ გამორიცხავს
19/01/2024 10:55:54 პოლიტიკა, მსოფლიო
ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ოლევს ნიკერსი უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროპაში დიდ კონფლიქტს არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან მან "აქცენტს" განუცხადა.
"თუ აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას შეწყვეტს, დიდი ალბათობით, საბოლოოდ მივიღებთ გამოფიტვის ომს. ამ შემთხვევაში უკრაინას არ ექნება საშუალება მოკლევადიან პერსპექტივაში უკან დაახევინოს რუსულ ძალებს. ამ ვითარებაში კი დრო რუსეთის სასარგებლოდ ითამაშებს, იმედოვნებს რა, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას შეცვლის და "საქმეს ჩვეულ რეჟიმში" მეტ-ნაკლებად დაუბრუნდება. უკრაინას მეტი მხარდაჭერა დასჭირდება ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან, რათა მოკლევადიან პერიოდში დაამარცხოს რუსეთი ბრძოლის ველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი გააგრძელებს საფრთხის შექმნას ყველა მისი მეზობლისთვის და უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროპაში დიდი კონფლიქტის თავიდან აცილება რთული იქნება", – განაცხადა ნიკერსმა.
ცნობისთვის: აშშ–ის კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს ითხოვს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს. მედიის ცნობით, ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტის მისაღებად "მნიშვნელოვან კომპრომისებზე" წასვლა დააანონსა.


