ლავროვი ნიუ-იორკში „არამეგობრული ქვეყნების“ გვერდის ავლით ჩავიდა
22/01/2024 06:07:13 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებში. საბჭო უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.
რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს“ და მოსკოვიდან ნიუ-იორკში ჩრდილოეთის გზით, 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა „ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გარემოებების" გარეშე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკამდე ამ გზით ჩავიდა 2023 წლის სექტემბერშიც, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად.
რუსეთს „არამეგობრულ ქვეყნებად“ გამოცხადებული ჰყავს სახელმწიფოები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო სანქციები დაუწესეს. მათ შორის, რუსულ თვითმფრინავებს აუკრძალეს თავის საჰაერო სივრცეში მიმოსვლა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვი ნიუ-იორკში იქნება 22-24 იანვარს და გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში მონაწილეობის გარდა გამართავს „რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას“. კონკრეტულად ვისთან, უწყება არ აზუსტებს.


