უკრაინამ დაადასტურა, რომ მისი ჯარები სოფელ კრახმალნოედან გავიდნენ
22/01/2024 06:49:59 მსოფლიო
უკრაინის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათმა ჯარებმა დატოვეს ხარკოვის ოლქის სოფელი კრახმალნოე. ამის შესახებ სახმელეთო ჯარების წარმომადგენელმა ვოლოდიმირ ფიტიომ ისაუბრა. მანამდე სოფლის დაკავების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა.
ფიტიოს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა სოფელი დატოვეს და წინასწარ მომზადებულ და უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე დაიხიეს.
მისი თქმით, გადაწყვეტილება არ შეიცავს საფრთხეს ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც სოფლის მეზობლად არიან განლაგებული მხარეებს შორის გამყოფ ხაზზე.
„ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა. ფრონტის ხაზი ყოველდღე იცვლება“, - დასძინა ვოლოდიმირ ფიტიომ.
სამხედრომ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე სოფელ კრახმალნოეში 45 ადამიანი ცხოვრობდა, იქ იყო სულ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რომლებიც ბრძოლების შედეგად დაინგრა.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი მანამდე იტყობინებოდა, რომ 20 იანვარს რუსეთის ჯარებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ შემტევი ოპერაცია განახორციელეს და სოფელ კრახმალნოეზე დაამყარეს კონტროლი.


