ლატვია: თუ დასავლეთი უკრაინას არ დაეხმარება, მომავალში ეს გაცილებით ძვირი დაუჯდება
22/01/2024 10:34:29 მსოფლიო
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში გამოდის მოწოდებით, რომ "თვალები გავახილოთ და გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში" და რომ მისი შეჩერების ერთადერთი გზა იძულებით შეჩერებაა.ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.
„უკრაინელები მზად არიან, იბრძოლონ. უკრაინელებს სჭირდებათ ჩვენი – დასავლური მხარდაჭერა. ამდენად, საბოლოოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვექნება უკრაინის დაფინანსების შესაძლებლობა მომავალი წლებისთვის. ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ მივაწოდებთ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომელიც მათ სჭირდებათ ამ ამოცანის შესასრულებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა ლატვიელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ თუ დასავლეთი უკრაინას მხარს არ დაუჭერს, ეს მას მომავალში უფრო ძვირი დაუჯდება:
„ვისაც ჰგონია, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძვირია და რომ სჯობს, ეს ფული სხვა მიმართულებით დაიხარჯოს, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: მომავალში უფრო ძვირი დაჯდება! თუ ჩვენ ახლა არ დავეხმარებით უკრაინას რუსეთის შეჩერებაში, ეს მოგვიანებით უფრო ძვირი დაგვიჯდება, რადგან რუსეთი არ გაჩერდება“.


