Accentnews.ge
ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

22/01/2024 12:53:48 მსოფლიო

„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ მოთხოვნით, რომ კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად, - წერს Reuters.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან“.

მანამდე მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვებიც გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს.

NBC News წერს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკებები ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩიხში შევიდა, ვინაიდან "ჰამასი" ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ითხოვს.

როგორც NBC News-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკელი, კატარელი და ეგვიპტელი ოფიციალური პირები კვლავაც მოითხოვენ შეთანხმების მიღწევას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 130 ისრაელელის გათავისუფლებას.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, "ჰამასი" ითხოვს ცეცხლის საბოლოოდ შეწყვეტას, ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას ღაზის სექტორიდან და პალესტინელ პატიმართა დიდი ნაწილის გათავისუფლებას, მათ შორის იმათი, ვინც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა განახორციელა.

"ჰამასის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჯგუფება არავითარ მოქმედებას არ განახორციელებს, სანამ არ მიიღებს დაპირებას, რომ სამხედრო მოქმედებები შეწყდება და ისრაელის მთელი ჯარი არ დატოვებს ღაზის სექტორს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას საჯაროდ უარყო ჰამასის მოთხოვნები.

„თუკი დავთანხმდებით ამას, ვერ შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირებას. ვერ შევძლებთ ევაკუირებულთა მშვიდობიანად დაბრუნებას სახლებში და შემდეგი 7 ოქტომბერი მხოლოდ დროის საკითხი იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

"ჰამასის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „დაჯგუფება მრავალ წინადადებას და იდეას იღებს სხვადასხვა შუამავლისგან, ძირითადად ეგვიპტელებისა და კატარელებისგან“ ისრაელელი მძევლების პოტენციური გათავისუფლების ვადებისა და რეალიზაციის შესახებ, საბრძოლო მოქმედებებში მნიშვნელოვანი პაუზისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ.

ოფიციალური პირების თქმით, შუამავლების შეთავაზებაა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მძევლების გათავისუფლებას სამ ეტაპად, 30 დღის განმავლობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S