პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის
22/01/2024 14:07:07 მსოფლიო
22 იანვარს პოლონეთის პრემიერ–მინისტრ დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა პოლონეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს.
"არის ახალი პოლონური თავდაცვითი პაკეტი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დახმარებას. ეს არის ჩვენი ურთიერთქმედების ახალი ფორმა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის შეძენის მასშტაბის გაზრდას ემსახურება. ეს არის პოლონური კრედიტი უკრაინისთვის,– უთხრა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
ამასთან, ცნობილი გახდა, პოლონეთიც უერთდება უკრაინისთვის სამხედრო გარანტიებს და ვარშავა და კიევი იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი ბოროტებასთან დაპირისპირებაში. უკრაინის დახმარებაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერია. ასევე არსებობს ბევრი თემა, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს უკავშირდება. არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და მეგობრული სულისკვეთებით ვოლაპარაკეთ მათზე, რომ სწრაფად გადავწყვიტოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი ყველაზე სანდო და საიმედო მოკავშირეა ბოროტებასთან ბრძოლაში და ვარ კიევში, რომ დავიცვა პოლონეთის უსაფრთხოებაც. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა. საფრთხის წინაშე დღეს მთელი თავისუფალი სამყარო დგას" ,– თქვა ტუსკმა.
ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა.


