
13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე მსხვერპლის ბიძას ბრალდება წარედგინა
22/01/2024 14:24:19 სამართალი
კახეთში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს, მსხვერპლის ბიძას (მამიდის ქმარს) ბრალდება წარედგინა.
პროკურატურის ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.
"მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყებაში დასძენენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
როგორც ცნობილია, ბრალდებული კლინიკაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე და მისი გამოკითხვა ვერ ხერხდებოდა.
არსებული ცნობებით, მოზარდმა ძალადობის შესახებ დედას უამბო. ფაქტის გახმაურების შემდეგ მსხვერპლის ბიძამ დის ქმარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან მალევე ის პოლიციამ დააკავა. ამ დროისთვის მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. წინასასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.