საფრანგეთში ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა იმიგრაციის ახალი კანონი
22/01/2024 15:50:17 მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქებში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, ხელი არ მოაწეროს იმიგრაციის ახალ კანონს, რადგან ის ფრანგული ღირებულებების შემლახველია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო გამოსვლებში 75 000, ხოლო დედაქალაქ პარიზში - 16 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
გასული წლის დეკემბერში საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ სამთავრობო კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახალი კანონი გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს, მნიშვნელოვნად ამცირებს მათთვის სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას, ასევე, მიგრანტების მიერ საფრანგეთში საკუთარი ოჯახის წევრის/წევრების ჩაყვანას ართულებს.
ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, 2023 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონი, უკანასკნელი 40 წლის განმავლოვაში ყველაზე „რეგრესიულია“ და ის განსაკუთრებულად ზღუდავს საფრანგეთში ხანგრძლივდ მცხოვრები უცხოელების ფუნდამენტურ უფლებებს.


