სირსკი: ვითარება სივერსკის და ბახმუტის მიმართულებებზე "უკიდურესად დაძაბული" რჩება
22/01/2024 18:23:21 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ დონეცკის რეგიონში სივერსკის და ბახმუტის მიმართულებით ბრიგადები მოინახულა და თქვა, რომ იქ სიტუაცია „უკიდურესად დაძაბულია“.
„ვითარება რჩება უკიდურესად დაძაბული და ხასიათდება მტრის მიერ საარტილერიო ცეცხლის, ნაღმტყორცნების, თავდასხმის დრონების და თავდასხმის ოპერაციების ინტენსიური გამოყენებით. მუშაობის დროს მოვისმინე მეთაურების დასკვნები, სიტუაციის შეფასება და წინადადებები საბრძოლო მოქმედებების შემდგომი წარმოების შესახებ. ასევე, ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ადგილობრივად თავდაცვის ეფექტურობის გაზრდისა და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად“, - განაცხადა სირსკიმ თავის ტელეგრამ–არხზე განთავსებულ შეტყობინებაში.
მან არ დააკონკრეტა, რა გადაწყვეტილებებზეა საუბარი.
ერთი დღით ადრე უკრაინის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ტავრიას" მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ რუსული ჯარები ტაურიდის მიმართულებით გადაჯგუფდებიან და უკრაინული ძალები მოელიან მათი აქტივობის ზრდას.
ბრიტანულმა დაზვერვამ 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ „გაზარდა შეტევითი აქტივობა ფრონტის მთელ ხაზზე და განიცადა მზარდი დანაკარგები“.
Financial Times–მა, უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, 19 იანვარს დაწერა, რომ რუსული ჯარები, სავარაუდოდ, 2024 წლის ზაფხულში გეგმავენ ფართომასშტაბიან შეტევას. კიევში მიაჩნიათ, რომ რუსეთი შეეცდება, დაიკავოს უკრაინის ოთხი რეგიონის ტერიტორიები, რომელთა ანექსია მოსკოვმა 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. საუბარია დონეცკის ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებზე.
ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა FT-თან საუბარში აღნიშნა, რომ „2024 წელს რომელიმე მხარის ოპერატიული გარღვევის პერსპექტივები“ მცირეა.


