ამჯერად მელიტოპოლში მოხდა "კადიროველებსა" და რუს სამხედროს შორის ინციდენტი [ვიდეო]
22/01/2024 18:45:04 მსოფლიო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, უკრაინის ზაპოროჟიის ოლქში, კონფლიქტი მოხდა ჩეჩნური ბატალიონის „ვოსტოკ-ახმატის“ წარმომადგენლებსა და რუს სამხედრო პოლიციის ოფიცერს შორის.
ინციდენტის ამსახველი ვიდეოები არაერთმა რუსულმა და უკრაინულმა ტელეგრამ–არხმა გაავრცელა. ორწუთიან ჩანაწერში ჩანს, რომ სამხედრო მოსამსახურე აჩერებს უცხოური მანქანების კოლონას, მათ შორის შავ "მერსედესს" მოსკოვის სანომრე ნიშნებით. საჭესთან მჯდომი სამხედრო პოლიციის ოფიცერს ფურცელს გადასცემს და არწმუნებს, რომ ეს არის „შეუზღუდავი საშვი“. ინსპექტორი პასუხობს, რომ დოკუმენტი ბათილად არის მიჩნეული, ვინაიდან კანონი მოითხოვს მისი მოქმედების ვადის დაზუსტებას.
"არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ. მე ბატალიონის მეთაური ვარ. პოლკის მეთაურმა ყველაფერი მომცა", - უპასუხა "კადიროველმა" უხამსი სიტყვებით.
როდესაც ინსპექტორმა მათ პარკირება სთხოვა, მანქანიდან სხვა ჩეჩენი ჯარისკაცები გადმოვიდნენ და სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტელეგრამ–არხების Sota და VChK-OGPU წერენ, რომ ვიდეოში ჩანს "ვოსტოკ-ახმატის" ბატალიონის მეთაური ვახა ხამბულატოვი.
იუწყებიან, რომ კონფლიქტი ოკუპირებული მელიტოპოლის ცენტრში მოხდა.
მანამდე ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა არაერთხელ ახსენა "ვოსტოკ-ახმატის" ბატალიონის მეთაური, მაიორი ვახა ხამბულატოვი, მეტსახელად „ასხაბი“. 2023 წლის ოქტომბერში მას მიენიჭა რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - ახმატ კადიროვის ორდენი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მელიტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციას კონფლიქტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
2023 წლის აგვისტოში მარიუპოლის სოფელ ურზუფში მოხდა შეიარაღებული ინციდენტი "კადიროველების მონაწილეობით, რის შედეგადაც დაიღუპა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე და ოთხი რუსი ჯარისკაცი.


