აშშ-მა და ბრიტანეთმა კვლავ განახორციელეს დარტყმები ჰუთების ობიექტებზე
23/01/2024 06:20:37 მსოფლიო
აშშ-ის და ბრიტანეთის ძალებმა 22 იანვარს დაბომბეს ობიექტები, რომელსაც იემენში იყენებდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები.
იუწყებიან, რომ აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოიყენეს საბრძოლო ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ტიპის რაკეტები, ჰუთების სარაკეტო საწყობების და გამშვებების გასანადგურებლად.
რამდენიმე დღის წინ აშშ-მა და ბრიტანეთმა კოორდინირებულად მიიტანეს იერიში 28 ადგილას განთავსებულ 60-ზე მეტ სამიზნეზე.
ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს თავს ესხმის 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.


