Reuters: ისრაელის სამხედროებმა საავადმყოფო დაიკავეს ხან–იუნისში
23/01/2024 07:07:04 მსოფლიო
ისრაელის ჯარებმა, რომლებიც უფრო ღრმად მიიწევენ ღაზას სექტორის დასავლეთ ქალაქ ხან იუნისში, ორშაბათს საავადმყოფოს შენობა დაიკავეს. ამის შესახებ Reuters პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
ისრაელის სარდლობას არ გაუკეთებია კომენტარი ალ-ხაირის საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე, სადაც "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აშრაფ ალ-კიდრას თქმით, სამედიცინო მუშაკები დააკავეს. ალ-კიდრას ცნობით, წუხელ ხან იუნისში სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჯიჰადისტები აგრძელებენ მოქმედებას საავადმყოფოების შენობებში და მის გარშემო. პალესტინის მხარე ამ ბრალდებებს უარყოფს.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ორშაბათს დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უფლება, მაგრამ დასძინა, რომ საავადმყოფოებში უდანაშაულო ადამიანები, სამედიცინო მუშაკები და პაციენტები უნდა იქნენ დაცულნი.
ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო.


