უკრაინაზე რუსული ძალების მიერ დღეს დილით მიტანილ საჰაერო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
23/01/2024 07:34:27 მსოფლიო
უკრაინაზე რუსული ძალების მიერ დღეს დილით მიტანილ საჰაერო იერიშს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. იუწყებიან სულ მცირე, 4 ადამიანის დაღუპვის და 20-ზე მეტის დაშავების შესახებ.
საოლქო ადმინისტრაციების ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა ხარკოვში, ერთი კიევში და ერთი - დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. კიევის სოლომენსკის და სვიატოშინსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები და საბავშვო ბაღის შენობა, დამწვარია ავტომობილები. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეთა ევაკუაცია გახდა საჭირო შენობაში რაკეტის აუფეთქებელი ნაწილის აღმოჩენის გამო.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 11 ადამიანი. დაზიანებულია კერძო სახლები, სკოლის შენობა და გაზსადენი.
ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერხოვის ინფორმაციით, მთლიანად დაინგრა მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
საჰაერო განგაში უკრაინაში დილიდან გამოცხადდა.


