მედია: რუსეთი საექსპორტო ნავთობის 40%–ის დაკარგვის რისკის წინაშეა
23/01/2024 09:14:08 მსოფლიო
ომის დროს უკრაინის პირველი დარტყმები ლენინგრადის რეგიონში საფრთხეს უქმნის ობიექტებს, რომლებითაც რუსეთი იღებს თავისი ნავთობდოლარების მნიშვნელოვან ნაწილს. ბალტიის ზღვაში ნავთობის ტერმინალებზე წარმატებულმა თავდასხმამ შეიძლება შეაჩეროს დღეში 1,5 მილიონი ბარელის ექსპორტი,– წერს რუსული გამოცემა "მოკოვ თაიმსი".
კვირას უპილოტო დრონები დაესხნენ უსტ-ლუგას, რუსეთის უდიდეს პორტს, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1000 კილომეტრში. ორი აფეთქების შედეგად გაზის კონდენსატზე მომუშავე კომპანია "ნოვატეკის" ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა. ტერმინალის ფუნქციონირება, რომელიც ასევე მონაწილეობს რუსეთის არმიისთვის საწვავის მიწოდებაში, შეჩერდა, – უამბო Bloomberg-ს ვითარების მცოდნე ოფიციალურმა პირმა.
ლენინგრადის რეგიონს ასევე აქვს საექსპორტო ნავთობის ორი დიდი ტერმინალი: ერთი მდებარეობს უსტ-ლუგაში, მეორე – პრიმორსკში, ფინეთის ყურის მოპირდაპირე სანაპიროზე. უსტ-ლუგაში, "ნოვატეკის" ტერმინალის გვერდით, არის ნავმისადგომები ტანკერებზე ნავთობის ჩასატვირთად, ცოტა მოშორებით კი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახი ობიექტები.

Kpler-ის თანახმად, ურალის ნავთობის 75%-ზე მეტი იგზავნება საზღვარგარეთ უსტ-ლუგადან და პრიმორსკიდან. ტანკერებმა გადაიტანეს ნედლი ნავთობის 40%-ზე მეტი, რომლის ექსპორტსაც რუსეთი საზღვაო გზებით ახორციელებდა 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე, გამოითვალა Bloomberg–მა.
ურალის ფასი დაეცა დეკემბერში 60 დოლარამდე ბარელზე, დაწერა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გასულ კვირას. ამ ფასის პირობებში ბალტიის პორტებიდან ექსპორტირებული ნავთობის ღირებულება დღეში დაახლოებით 90 მილიონი დოლარი იყო.
„დრონებით განხორციელებულმა რეგულარულმა თავდასხმებმა ან დარტყმებმა შეიძლება შეაფერხოს ბალტიის პორტების ოპერაციები და გამოიწვიოს ექსპორტის მოცულობის შემცირება“, - უთხრა სააგენტოს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ექსპერტმა სერგეი ვაკულენკომ, ბერლინის რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრის მკვლევარმა.
სხვათა შორის, უკრაინულმა დრონებმა გასულ კვირას კიდევ ორი თავდასხმა განახორციელეს ლენინგრადის რეგიონში: ხუთშაბათს და პარასკევს აფეთქებები მოხდა "როსნეფტის" ნავთობბაზებზე.
ვაკულენკოს თქმით, რუსეთს პრაქტიკულად არ აქვს ალტერნატიული გზა ასეთი მოცულობის ნავთობის საზღვარგარეთ გასატანად.
"ურალის ექსპორტი დასავლეთის პორტებიდან ხდება, მაგრამ ნოვოროსიისკი დღეში მხოლოდ 300 000 დამატებით ბარელს იტანს", – აღნიშნავს Kpler-ის ნავთობის წამყვანი ანალიტიკოსი ვიქტორ კატონა.
გარდა ამისა, ნოვოროსიისკი ბევრად უფრო ახლოს არის უკრაინასთან, რომელსაც შეუძლია მასზე თავდასხმა არა მხოლოდ საჰაერო, არამედ საზღვაო დრონებითაც.
"ბარენცის ზღვაზე არსებულ საექსპორტო ტერმინალებს შეზღუდული სიმძლავრე აქვს და ნავთობის მიტანა იქამდე მხოლოდ სარკინიგზო გზით არის შესაძლებელი, ხოლო ჩინეთისა და შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო მარშრუტები მთლიანად ჩაკეტილია და შეუძლებელია დამატებითი ნავთობის გაგზავნა მათ გასწვრივ", – დასძენს ვაკულენკო.


