ლავროვი: ტრამპის დაბრუნება აშშ-რუსეთის ურთიერთობებს არ გააუმჯობესებს
23/01/2024 10:43:31 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ–ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებამ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებზე იმოქმედოს.
ლავროვის მტკიცებით, ამერიკის ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის "კეთილგანწყობის უამრავი ჟესტი უგულებელყო". დეტალები მას არ განუმარტავს.
მისი თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის დროს ურთიერთნდობა დაირღვა.
გარდა ამისა, ლავროვის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგით, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხში.
ლავროვი ახლა შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მან მონაწილეობა მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში. იქ მან ტრადიციულად დაადანაშაულა შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები, თითქოსდა ისინი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად იყენებენ. მანამდე, მოსკოვში გამოსვლისას, ლავროვმა თქვა, რომ რუსეთმა ცოტა ხნის წინ უარყო აშშ-ის წინადადებები სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ პირდაპირი დიალოგის განახლების თაობაზე. აშშ–ს კომენტარი არ გაუკეთებია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა CNBC-თან აღნიშნა, რომ თუ პუტინს არ შეაჩერებენ უკრაინაში, მან შესაძლოა შემდგომ პირდაპირი აგრესია განახორციელოს ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ. ეს აიძულებს აშშ-ს, უშუალოდ ჩაერიოს კონფლიქტში.


