
მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას პატიმრობა შეეფარდა
23/01/2024 12:14:07 სამართალი, საზოგადოება
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც 13 წლის გოგოს გაუპატიურება ედება ბრალად. ვინაიდან საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო პროცესი დახურული იყო.
სხდომას არ დასწრებია ბრალდებული, ვინაიდან ის კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში კომატოზური მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სახელმწიფო ბრალდება კაცს მეუღლის ძმის შვილის გაუპატიურებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის მამის ძმამ ბავშვის გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 12:00 საათზე უნდა გაიმართოს.