Accentnews.ge
„ქარტია": პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში

„ქარტია": პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში

23/01/2024 13:35:57 სამართალი, საზოგადოება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას ჟურნალისტის დაკავებას გმობს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული, ასევე, გამოიძიონ მისი დაკავებისას "პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი“.

„ჟურნალისტი აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს აშუქებდა, რა დროსაც ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს. როგორც ქარტიისთვის ცნობილია, ადვოკატს, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრს წარმოადგენს, გელა მთივლიშვილმა უთხრა, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მისი მოგუდვა სცადეს.

ქარტია კატეგორიულად გმობს გელა მთივლიშვილისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციას შეახსენებს მის ვალდებულებას, ჟურნალისტებს შეუქმნას უსაფრთხო გარემო მუშაობისას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქარტია ასევე კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს და ხაზს უსვამს, რომ პოლიციელის მსგავსი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას:

„ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიას უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს – ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ათობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია. ის ასევე ძირს უთხრის ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, სადაც სრულად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების პროფესიული უფლებები".

ქარტია შეახსენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დასჯადია.

"მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, სწორი კვალიფიკაცია მისცენ ამ ძალადობრივ ქმედებას და დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, რათა მოძალადე პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S