უკრაინული დოკუმენტური ფილმი „20 დღე მარიუპოლში“ "ოსკარზეა" ნომინირებული
23/01/2024 17:14:37 მსოფლიო
უკრაინული დოკუმენტური ფილმი „20 დღე მარიუპოლში“ "ოსკარის" ნომინანტთა სიაში მოხვდა,– ამის შესახებ ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნების და მეცნიერების აკადემიამ 23 იანვარს განაცხადა.
"სრულმმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების" კატეგორიაში ჯილდოს კანდიდატთა საბოლოო სიაში შედიან:
- "ბობი უანინი: სახალხო პრეზიდენტი",
- "მარადიული მეხსიერება",
- "ოთხი ქალიშვილი",
- "მოკლა ვეფხვი",
- "20 დღე მარიუპოლში".
გამარჯვებულები 10 მარტს ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ფოტოჟურნალისტის მსტისლავ ჩერნოვის დოკუმენტური ფილმი "20 დღე მარიუპოლში", რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებს გადმოსცემს, ამერიკული კინოპრემიის "ოსკარის" მოკლე სიის ორ კატეგორიაში მოხვდა. ფილმი მოხვდა პრემია "ოსკარის" პრეტენდენტთა სიებში, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
მსტისლავ ჩერნოვთან ერთად ფილმზე მუშაობდნენ ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა და პროდიუსერი ვასილისა სტეპანენკო. ისინი მარიუპოლში 24 თებერვალს ჩავიდნენ, როგორც Associated Press-ის კორესპონდენტები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და მარტის შუა რიცხვებში დატოვეს ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით. სწორედ მათ უჩვენეს მსოფლიოს მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგები.
დოკუმენტურ ფილმს ის ვიდეო მასალები დაედო საფუძვლად, რომელიც ჩერნოვმა გამოიტანა ქალაქიდან.


