ბელარუსში განაწყენდნენ NATO–ს უდიდესს წვრთნებზე მიუწვევლობის გამო
23/01/2024 19:13:21 მსოფლიო
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი რევენკომ დაიჩივლა, რომ მინსკს არ მიუღია არც გაფრთხილება "ცივი ომის" შემდეგ ნატოს უდიდესი წვრთნების შესახებ და არც მიწვევა.
23 იანვარს X–ზე გამოქვეყნებული შეტყობინებების სერიაში რევენკომ გააკრიტიკა „რიგი სახელმწიფოები“ ეუთოს ე.წ. ვენის დოკუმენტის "შეუსრულებლობის გამო, რომელიც ითვალისწინებს წევრი ქვეყნების ინფორმირებას ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ".
„ნატოს ქვეყნები გეგმავენ 90 ათასი სამხედრო მოსამსახურის მოზიდვას „უკანასკნელი ათწლეულის უდიდეს წვრთნებზე“, მაგრამ ბელარუსს არანაირი შეტყობინება ან მიწვევა არ მიუღია“, - ჩივის რევენკო.
ის იხსენებს პოლონეთს, რომელმაც არ გააფრთხილა ბელარუსის რეჟიმი მისი მომავალი წვრთნების შესახებ თებერვლის ბოლოს. რევენკო აცხადებს, რომ „ასეთ მიდგომას არაფერი აქვს საერთო ევროპაში არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნების დეკლარირებულ სურვილთან“.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს არ უხსენებია, რომ მეზობელმა რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ვენის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები: 2021 წელს რუსეთის ფედერაციამ უგულებელყო უკრაინის მოთხოვნა, მის საზღვრებთან სამხედრო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ის „არ იყო ვალდებული“; ხოლო 2023 წელს უარი თქვა ეუთოს სხვა წევრებისთვის შეიარაღებული ძალების შესახებ მონაცემების გამჟღავნებაზე.
NATO ბოლო თითქმის 40 წლის განმავლობაში თავის უდიდეს წვრთნებს ატარებს, რომლის სცენარიც "პრაქტიკულად თანასწორი მოწინააღმდეგის დარტმაზე" რეაგირებაა. სააგენტო dpa-ს ცნობით, Steadfast Defender-ის მანევრის სცენარი არის რუსეთის თავდასხმა ალიანსის ერთ-ერთ ქვეყანაზე, რაც იწვევს ბლოკის კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას.
Steadfast Defender სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 90 ათასი ადამიანი ალიანსის ქვეყნებიდან და კანდიდატი შვედეთიდან. მანევრები ნორვეგიიდან რუმინეთამდე ტერიტორიაზე მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
Stalwart Defender სწავლებაში ჩართული იქნება 50-ზე მეტი ხომალდი, 80-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი, ვერტმფრენი და დრონი და მინიმუმ 1000 საბრძოლო მანქანა. წვრთნები აჩვენებს, რომ ალიანსს შეუძლია, განახორციელოს და მხარი დაუჭიროს კომპლექსურ, რთულ ოპერაციებს ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერზე, კიბერსივრცეში და კოსმოსში „თვეების განმავლობაში“, – განაცხადა კრისტოფერ კავოლიმ, NATO–ს მოკავშირეთა უმაღლესმა სარდალმა ევროპაში.
ამ მასშტაბის ბოლო წვრთნა ნატომ 1988 წელს ჩაატარა, რომელშიც დაახლოებით 125 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყების შემდეგ, ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გააჟღერა მოსაზრება, რომ რუსეთმა შეიძლება შეუტიოს ნატოს ერთ-ერთ ქვეყანას, თუკი უკრაინის ომში წარმატებას მიაღწევს.


