ამერიკელებმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების პოზიციებს დაარტყეს
24/01/2024 06:29:40 მსოფლიო
ამერიკელმა სამხედროებმა ერაყის ტერიტორიაზე დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 23 იანვარს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, მაღალი სიზუსტით დაარტყეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ამ და სხვა დაჯგუფებების სამ ობიექტს.
ოსტინის ცნობით, ეს იყო პასუხი ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების თავდასხმებზე ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ და საერთაშორისო კოალიციის სამხედროებზე.
აშშ ირანს და მის მომხრე დაჯგუფებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურ პასუხს.
ერაყის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე, ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია მისი ერთი წევრი.
ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. 2023 წლის 17 ოქტომბრიდან სულ მცირე 151 თავდასხმა იყო.


