ბელგოროდის ოლქში რუსული Ил-76 ჩამოვარდა
24/01/2024 09:42:54 მსოფლიო
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა. ვიდეო რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ–არხებზე გავრცელდა.
ამ ფაქტს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა "ინციდენტი" უწოდა და თქვა, რომ ადგილზე გადაუდებელ სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობდნენ.
რუსული ტელეგრამ-არხი 112 წერს, რომ ბორტზე იმყოფებოდა 75 ადამიანი, "ყველა დაიღუპა, პერიმეტრი სამხედროებმა შემოფარგლეს, თვითმფრინავის ნამსხვრევები კი რამდენიმე კილომეტრზეა მიმოფანტული".
"Ил-76 კოროჩანში ჩამოვარდა ბელგოროდის აეროდრომიდან აფრენისთანავე. ეკიპაჟმა მოახერხა არსებითი დაზიანების შესახებ შეტყობინების მიწოდება" – წერს Cheka-OGPU წყაროზე დაყრდნობით.
თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. სამხედრო უწყების ცნობით, შემთხვევა მოსკოვის დროით დაახლოებით, 11:00 საათზე მოხდა. "ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 დატყვევებული სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც გადაიყვანეს ბელგოროდის რეგიონში გაცვლის მიზნით, ასევე ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი".
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან "უკრაინსკაია პრავდას" წყაროებმა აცნობეს, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავში უკრაინის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ, თვითმფრინავს გადაჰქონდა S-300–ის რაკეტები, რომლებსაც რუსული არმია ხარკოვის რეგიონში ისვრის. გამოცემის წყარომ რუსული თვითმფრინავის განადგურებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების წვლილიც აღნიშნა.


