Accentnews.ge
რა ვიცით ბელგოროდში ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ – ვერსიები

რა ვიცით ბელგოროდში ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ – ვერსიები

24/01/2024 16:42:45 მსოფლიო

დღეს, 24 იანვარს ბელგოროდის რაიონში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბორტზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეები“ იმყოფებოდნენ, ხოლო უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ამოწმებს ცნობებს და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ გაავრცელებს დეზინფორმაციას.

რა არის ცნობილი ამ დროისთვის

რუსულმა ტელეგრამ–არხებმა პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ. ცნობილია, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. რუსული მხარე ასევე აცხადებს, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი (74) დაიღუპა.

ინტერნეტში ასევე გავრცელდა თვითმფრინავის ვარდნის ამსახველი კადრები. ვიდეოში დაცემის შემდეგ ისმის აფეთქების ხმა, რასაც მოჰყვა ძლიერი კვამლი. ამ დეტალზე საინფორმაციო წინააღმდეგობის ჯგუფის სამხედრო-პოლიტიკურმა ექსპერტმა ალექსანდრე კოვალენკომ გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს იმ ვერსიის დადასტურება, რომ თვითმფრინავს S-300-ის რაკეტები გადაჰქონდა.

„ამ ვერსიას ადასტურებს ის ფაქტი, რომ თვითმფრინავისგან დაცემის შემდეგ აღარაფერი დარჩა და მისი ნაწილები მიმოიფანტა მინდორზე, ანუ დაცემისა და მიწასთან შეჯახების შემდეგ კვლავ მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია", - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

რუსული ვერსია

არ არსებობს ოფიციალური ვერსია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ილ-76-ის დაცემა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბორტზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე“ იმყოფებოდა, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში გადაიყვანეს გასაცვლელად. გარდა ამისა, ბორტზე იყო ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა ცინიკური განცხადება გააკეთა, რომ უკრაინამ თითქოს „განზრახ ჩამოაგდო ილ-76, რათა ჩაეშალა გაცვლა“. ასე რომ, ახლა, მისი თქმით, "ალბათ აღარ არის საუბარი გაცვლაზე".

თავის მხრივ, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა მოუწოდა, "მოამზადონ მიმართვა აშშ-ის კონგრესისა და ბუნდესტაგისთვის“, რომ გავლენა იქონიოს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებაზე.

სად მიფრინავდა თვითმფრინავი

ადგილობრივმა ტელეგრამ–არხმა „ბლეტგოროდმა“ გამოაქვეყნა თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო, რომლის გაანალიზებაც მასობრივად დაიწყო. რუსი პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ „თვითმფრინავი ბელგოროდის აეროდრომიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა“. თავის მხრივ, მედიარესურსმა "ვაჟნიე ისტორიი“ დაადგინა, საიდან არის გადაღებული ვიდეო - ეს არის ადგილი სოფელ იაბლუნევოის ცენტრში ჩრდილოეთის მიმართულებით. იგივეს ადასტურებს „მედიაზონა“.

კრემლის პროპაგანდისტულმა რესურსებმა გაავრცელეს ვერსია, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლა ბელგოროდის რეგიონის საზღვარზე უნდა მომხდარიყო. თუმცა, OSINT-ის ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ილ-76 საპირისპირო მიმართულებით მიფრინავდა. მისი მონაცემებით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ნომრით RA-78830, გაფრინდა ეგვიპტის, საუდის არაბეთის, წითელი ზღვისა და ირანის გავლით, სირიის მახლობლად გაქრა რადარებიდან, შემდეგ კი ბელგოროდის თავზე გამოჩნდა.

ანალიტიკოსის თქმით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ „ილ-76 იარაღი გადაჰქონდა აღმოსავლეთიდან და ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ იქ ტყვეები იქნებოდნენ“.

რას ამბობენ უკრაინაში

რამდენიმე უკრაინული მედიარესურსი გენშტაბში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს S-300–ის რაკეტები გადაჰქონდა. ამასთან, უსაბრობენ უკრაინის თავდაცვის ძალების როლზე.

იმავდროულად, Interfax-Ukraine-ს ანონიმური თანამოსაუბრე იტყობინება, რომ თვითმფრინავი, სავარაუდოდ, აფრენისას ჩამოაგდეს.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, როგორც Suspilne წერს, ჯერ ვერ ადასტურებს, რომ თვითმფრინავს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს, რადგან ისინი „ჯერ კიდევ ამოწმებენ ინფორმაციას“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა მედიასთან დაადასტურა, რომ 24 იანვარს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო.

„შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ შემდგარა“, - განაცხადა მან.

მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, რუსული მხარის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ბელგოროდის რაიონში ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავ ილ-76-ზე შესაძლოა, სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, ამჟამად მოწმდება.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, ილ-76-ის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მასში არ არის ნახსენები თვითმფრინავის ჩამოვარდნა, მაგრამ ნათქვამია, რომ რუსეთი მუდმივად ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, აწარმოოს „მონიტორინგი რაკეტების გაშვების წერტილებისა და მათი ტრანსპორტირების ლოგისტიკისა, განსაკუთრებით სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის გამოყენებით.“

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ „სროლის ინტენსივობა დაკავშირებულია იმ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რიცხვის გაზრდასთან, რომლებიც ბოლო დროის განმავლობაში მიემართებოდნენ ბელგოროდის აეროდრომზე“. ამის გამო უკრაინის შეიარაღებული ძალები მომავალშიც აპირებს „ზომები მიიღოს ტრანსპორტირების საშუალებათა განადგურებისა და საჰაერო სივრცის კონტროლისთვის ტერორისტული საფრთხის შემცირების მიზნით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S