ლიეტუვამ ძალოვნებს რუსეთსა და კიდევ ორ ქვეყანაში გამგზავრება აუკრძალა
24/01/2024 17:02:11 მსოფლიო
ლიეტუვის მთავრობამ სამხედროებს, მესაზღვრეებს და პოლიციელებს რუსეთში, ბელარუსსა და ჩინეთში გამგზავრება აუკრძალა არასამუშაო დროს. წერს LRT.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნების სია ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების შეფასებას.
„ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია, ბელარუსი და ჩინეთი საფრთხეს უქმნიან ლიეტუვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, კერძოდ, ამ ქვეყნების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ ლიეტუვის წინააღმდეგ ჯაშუშობით“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ქვეყნები აგროვებენ ინფორმაციას ლიეტუვის მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აქვთ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება, იძიებენ მათ მოწყვლადობას და ცდილობენ, გამოიყენონ ისინი თავიანთ ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყნებში რეკრუტირების მიზნით.
ანგარიშში მითითებულია, რომ რუსეთისა და ბელარუსის სადაზვერვო სამსახურები ასევე აწარმოებენ დაკითხვებს და პროვოკაციებს ლიეტუვის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ტერიტორიაზე შედიან.
ამ ქვეყნებში შესვლის ნებართვა შეიძლება გაიცეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ან ახლო ნათესავების და მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მშობლის ან მეურვეობის უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების ან საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის აუცილებლობის შემთხვევაში.
მანამდე ლიეტუვის სეიმმა მიიღო ცვლილება კანონში, რომელიც კრძალავს ლიეტუველი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების ნებართვის გარეშე მოგზაურობას არამეგობრულ ქვეყნებში.


