НАТО–მ მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადა, აშშ–ის Gunston Hall დაიძრა პორტიდან
24/01/2024 17:45:10 მსოფლიო
24 იანვარს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გამოაცხადა Steadfast Defender 24-ის დაწყება, რომელიც იქნება ნატოს უდიდესი სამხედრო წვრთნები 1988 წლის შემდეგ.
Steadfast Defender 24 დაიწყო აშშ-ის საზღვაო ძალების სადესანტო გემის Gunston Hall-ის გამგზავრებით ნორფოლკის პორტიდან (ვირჯინიის შტატი), რომელიც მოგვიანებით ატლანტის ოკეანეს გადაცურავს. ეს წვეთნის პირველი ტაქტიკური მანევრია.
იანვრის ბოლომდე წვრთნებში ჩაერთვება კანადის საზღვაო ძალების გემი Charlottetown, რომელიც ჰალიფაქსის პორტიდან ევროპისკენ გაემგზავრება.
„Steadfast Defender 24 იქნება ჩვენი ერთიანობის, სიძლიერის და მტკიცე გადაწყვეტილების აშკარა დემონსტრირება, დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი ღირებულებები და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, - თქვა ევროპის მოკავშირეთა უმაღლესმა სარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ.
წვრთნები Steadfast Defender 24, დემონსტრირებს ნატოს უნარს, სწრაფად განათავსოს ძალები ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან ევროპული თავდაცვის გასაძლიერებლად.
ის მიზნად ისახავს ალიანსის პასუხის სიმულაციას ისეთი ქვეყნისგან თავდასხმაზე, როგორიცაა რუსეთი და შედგება მცირე, ცალკეული წვრთნებისაგან, რომლებიც ჩატარდება სხვადასხვა ადგილებში - ჩრდილოეთ ამერიკიდან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგამდე, რუსეთის საზღვართან.
წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 50 საზღვაო ხომალდი, 80 თვითმფრინავი და 1100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა.


