60 სირიელი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც 6 დღის განმავლობაში ღია ზღვაში იყვნენ ჩარჩენილი
24/01/2024 18:41:17 მსოფლიო
კვიპროსის პოლიციამ 24 იანვარს განაცხადა, რომ მათ გადაარჩინეს 60 სირიელი მიგრანტი, რომლებიც მცირე ზომის ნავზე იპოვეს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 55 კილომეტრში.
კვიპროსის სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მიგრანტებმა ექვსი დღე გაატარეს ღია ზღვაში. მათი ნავი ახლოს მცურავმა სავაჭრო გემმა შენიშნა.
ვარაუდობენ, რომ ნავი18 იანვარს დაიძრა ლიბანიდან, რომლის სანაპირო ზოლი კვიპროსიდან თითქმის 170 კილომეტრშია და მიგრანტებს საკვები და წყალი აღარ ჰქონდათ.
პოლიციის ცნობით, სამი ბავშვი და ოთხი ზრდასრული უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში ვერტმფრენით. კიდევ სამ სამ ზრდასრულს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებოდა.
თავად ნავი ნავსადგურში გადაიყვანეს, სადაც დარჩენილ მიგრანტებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსში ჩასული მიგრანტების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა 2023 წელს, ზღვით ჩასულთა რაოდენობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა წლის განმავლობაში, 937-დან 3,889-მდე. შსს–ს ოფიციალური სტატისტიკით, თითქმის ყველა ეს მიგრანტი სირიელი იყო.


