რუსეთის კიდევ ერთ ნავთობბაზაზე იყო ხანძარი, იუწყებიან დრონებით შეტევის შესახებ
25/01/2024 06:23:34 მსოფლიო
რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი იყო.
24 იანვარს, ღამით გაჩენილ ხანძარს წინ უძღოდა რამდენიმე აფეთქება,– იუწყებიან რუსული ტელეგრამ-არხები „ბაზა“, „ასტრა“ და „112“.
მათივე ცნობით, ნავთობის ბაზაზე სავარაუდოდ, დრონებით შეტევა იყო.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცეცხლი გაუჩნდა „ვაკუუმის დანადგარს“.
დილით კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი „მთლიანად ლიკვიდირებულია“ და რომ ცეცხლი 99 მეხანძრემ ჩააქრო 31 ერთეული ტექნიკის გამოყენებით.
ამასთან, ცნობილია, რომ გასულ ღამით, სამოქალაქო თვითმფრინავების „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ დროებით დაიკეტა სოჭის საერთაშორისო აეროპორტი. ტუაფსე სოჭის ცენტრიდან 78 კილომეტრში მდებარეობს.
ბოლო დღეებში ხანძრები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზებზე.


